პაშა ბანკმა ქალთა საერთაშორისო დღე ტრადიციულად განსხვავებული ფორმით მიულოცა თავის კლიენტებსა და პარტნიორებს: ბანკმა მათი სახელით ქალთა საინფორმაციო ცენტრში გადარიცხა თანხა, რომელიც სრულად მოხმარდება ქალთა უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ აქტივობებს.
2015 წელს პაშა ბანკმა არაერთხელ დაადასტურა, რომ კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას ბანკში დიდი ყურადღება ექცევა: პარტნიორების და კლიენტების სახელით ბანკმა სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით მატერიალური მხარდაჭერა გაუწია საქველმოქმედო ფონდს „პირველი ნაბიჯი საქართველო“, ხოლო საახალწლოდ ამავე ფონდს საჩუქრად გადასცა თანამედროვე მხატვრის, რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატი „არჩევანი“.
„პაშა ბანკი კორპორატიულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას უწევს მსხვილი და საშუალო ზომის საწარმოებს. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თითოეულ პარტნიორთან ურთიერთობას. შესაბამისად, ვცდილობთ ყოველთვის გამორჩეულად მივულოცოთ მათ ესა თუ ის დღესასწაული და ამავდროულად სასარგებლო საქმეც გავაკეთოთ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. ვფიქრობთ, რომ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩვენ მიერ მხარდაჭერილი აქტივობები, რომლებსაც ქალთა საინფორმაციო ცენტრი განახორციელებს ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად იქნება შედეგიანი და საზოგადოებისთვის სასარგებლო,“ განაცხადა პაშა ბანკის PR-ის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ.
ქალთა საინფორმაციო ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შედეგად ქალთა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას საქართველოში. ქალთა საინფორმაციო ცენტრი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამთავრობო სამოქმედო გეგმების შემუშავების, ლობირებისა და განხორციელების პროცესს, მონაწილეობას იღებს ახალი კანონის შემუშავებისა და არსებულ კანონპროექტში ცვლილებების შეტანის პროცესში, რომლებიც მიმართულია გენდერული თანასწორობისათვის.
,,ბიზნეს სტრუქტურების სოციალური პასუხისმგებლობა, მათი მონაწილეობა მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების პროცესში თანასწორი გარემოს ფორმირებისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენ ვაფასებთ პაშა ბანკის მიერ გამოვლენილ ინიციატივას და მიგვაჩნია, რომ ის სამაგალითო უნდა იყოს სხვა კომპანიებისთვისაც. ვფიქრობთ, თანასწორი გარემოს ფორმირების პროცესში საზოგადოების ყველა წევრის მონაწილეობა მნიშვნელოვანია. ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის აღსანიშნავად გამოცხადებული კონკურსი, რომელი პაშა ბანკის მხარდაჭერით ტარდება, ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ჩართულობას დემოკრატიული საზოგადოების შექმნის პროცესში, ასევე მათ წახალისებას და ახალი პერსპექტივების დანახვას,“– განაცხადა ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა, ელენე რუსეცკაიამ.