დოკუმენტური ინკასო

პაშა ბანკის დოკუმენტური ინკასოთი სარგებლობა შეუძლიათ როგორც მსხვილ, ასევე საშუალო და მცირე საწარმოებს, რომლებსაც აქვთ 1 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის წლიური ბრუნვა, ან აქვთ პოტენციალი, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მიაღწიონ ამ მაჩვენებელს.

დოკუმენტური ინკასო არის მიწოდებული საქონლის საფასურის გადახდის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც ძირითადად გამოიყენება საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციებში.
პროდუქციის გამყიდველი ავალებს თავის მომსახურე ბანკს, გაგზავნოს განბაჟებისთვის საჭირო საბუთები მყიდველის მომსახურე ბანკში, დოკუმენტურ ინკასოში მითითებული გადახდის პირობის შესრულების სანაცვლოდ.


არსებობს დოკუმენტური ინკასოს გადახდის ორი ძირითადი ტიპი:

დოკუმენტაციის გადაცემა თანხის გადახდის სანაცვლოდ - ექსპორტიორის მომსახურე ბანკი აძლევს ინსტრუქციას იმპორტიორის ბანკს, მიაწოდოს მყიდველს აღნიშნული დოკუმენტაცია მხოლოდ  გადახდის შემდეგ. მყიდველის წერილობითი თანხმობის მიღების შემთხვევაში იმპორტიორის მომსახურე ბანკი ახორციელებს ანგარიშსწორებას და მყიდველს გადასცემს დოკუმენტებს. 

დოკუმენტების გადაცემა თამასუქზე აქცეპტის მოხდენის სანაცვლოდ - ექსპორტიორის მომსახურე ბანკი აძლევს ინსტრუქციას იმპორტიორის მომსახურე ბანკს, მიაწოდოს მყიდველს დოკუმენტაცია მყიდველის მიერ თამასუქზე აქცეპტის მოხდენის სანაცვლოდ. მყიდველის წერილობითი თანხმობის  და თამასუქზე აქცეპტის მოხდენის შემთხვევაში იმპორტიორის მომსახურე ბანკი მყიდველს აწვდის აღნიშნულ დოკუმენტაციას.

ანგარიშსწორების პროცედურას არეგულირებს პარიზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ დადგენილი ინკასოს ერთიანი წესები (URC - Uniform Rules for Collections). ზემოაღნიშნული პირობების შესრულება სავალდებულოა ყველა მონაწილე მხარისთვის.
ბანკი არ იღებს დოკუმენტაციის განხილვის პასუხისმგებლობას და არ ერთვება გარიგების პროცესში.